ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ჩემპიონობასთან ახლოს მყოფმა ბათუმის “დინამომ” შინ “თელავს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
ანგარიშის გახსნის პირველი შანსი მე-20 წუთზე ჯიღაურს ჰქონდა, მაგრამ თელაველთა მეკარეს ვერ აჯობა. მალევე მამუჩაშვილსაც შეეძლო გატანა, მაგრამ ამჯერად მცველმა დაბლოკა მისი დარტყმული.
ტაიმის ბოლოს დინამო ბათუმი აშკარა გოლს გადაურჩა. გიორგი ჯანელიძე ლაზარე კუპატაძის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ლაზარე დარტყმულს გადაეღობა და სიტუაცია განმუხტა. ამგვარად პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში ბათუმლები აშკარა უპირატესობას ფლობდნენ. აღსანიშნავია, რომ თელაველთა მეკარე ლუკა სანიკიძე შესანიშნავად თამაშობდა და აჭარელთა რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია.
73-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა ჯიღაურის პასით კომბინაცია დაასრულა და ანგარიში გახსნა.
მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ბათუმელები დომინირებდნენ. 89-ე წუთზე კვლავ გაფრინდაშვილმა მეკარისგან შორეულ კუთხეში მეორე გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბათუმის “დინამო” მომდევნო ტურში “სამგურალს” დაუპირისპირდება.





