ნიკოლოზ ბასილაშვილი სხვადასხვა ტურნირებზე კი ასპარეზობს, მაგრამ არახალი ამბავია, რომ პარალელურად მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ქართველი ჩოგბურთელი, ყოფილ მეუღლე ნელი დოროყაშვილზე ძალადობაშია ბრალდებული.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა. მოწმის სახით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები დაიკითხნენ, რომლებიც 2020 წლის 21 მაისს შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს.
სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდა თავად ნიკოლოზ ბასილაშვილიც, ხოლო დარბაზში ბუნებრივია იყვნენ მისი ადვოკატები.
„“დღეს დაკითხული არცერთი მოწმე ცალსახად არ მიუთითებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან განხორციელდა ძალადობრივი ქმედება, ვინაიდან, ისინი არ ყოფილან მომხდარი ფაქტის შემსწრენი. მნიშვნელოვანი იყო სასწრაფო დახმარების ექიმის ჩვენება, რომელმაც ცალსახად განმარტა, რომ ნელი დოროყაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა მხოლოდ მცირედი ესკორაცია კანის აქერცვლის სახით, ის არ განიცდიდა ტკივილს და კითხვაზე, საიდან ჰქონდა აღნიშნული დაზიანება, ნელი დოროყაშვილმა მისი წარმომავლობა ვერ მიუთითა.
ექიმის ჩვენებიდან ცალსახად დგინდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან 2020 წლის 21 მაისს არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განხორციელებულა. თითოეული სხდომის შემდგომ კიდევ ერთხელ დგინდება ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულობა.ბრალდების მხარეს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია მოწმის სახით გამოიძახოს ნიკოლოზ ბასილაშვილი, როგორც კი ექნება შესაძლებლობა, ჩამოვა და დარბაზში დაესწრება საქმის არსებით განხილვას. სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, დადასტურდება მისი უდანაშაულობა” – აღნიშნა ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ.








