მელბურნში, რიგი ჩოგბურთელებისა მკაცრ კარანტინში იმყოფებიან, ნაწილი კი უახლოეს ხანებში ტურნირში ჩაერთვებიან. მათ შორის არის ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც უკვე მწვანე კონტინენტზეა, თუმცა არა სასტუმროს ნომერში გამოკეტილი.
ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობამდე, რომელიც სტარტს 8 თებერვალს აიღებს, მელბურნში საკმაოდ წარმომადგენლობით შეჯიბრში ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდიც 373,565 ამერიკული დოლარია. ტურნირი რომ უმნიშვნელო არ არის ისიც მეტყველებს, რომ პირველ ნომრად ბელგიელი დევიდ გოფინია განთესილი.
Murray River Open-ზე ასევე მოსინჯავენ ძალებს სერბი მიომირ კეჩმანოვიჩი, ამერიკელი რეილი ოპელკა, ყაზახი ალექსანერ ბუბლიკი და სხვა ძლიერი ჩოგბურთელები.
ნიკოლოზ ბასილაშვილი, ისევე როგორც სხვები ამ ტურნირს ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოსამზადებლად გამოიყენებენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ წარმატებით თამაში ან ჩემპიონობა ვინმესთვის სულერთი იყოს.
შეგახსენებთ, ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 39-ე ნომერია, მელბურნის ტურნირი კი 1 თებერვალს დაიწყება.





