ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდა და 28-ე პოზიციაზე იმყოფება, რაც წელს მისი საუკეთესო მაჩვენებელია.
გასულ კვირას ბასილაშვილმა საკმაოდ წარმატებით ითამაშა გერმანიის ქალაქ ჰალეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე. ნიკამ ფრანგი ჩოგბურთელები – ჟილ სიმონი და არტურ რინდერკნეხი და სამხრეთ აფრიკელი ლოიდ ჰარისი დაამარცხა. ნახევარფინალში კი სამწუხაროდ, რუს ანდრეი რუბლევთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილია, რომელიც 2019 წლის მაისში დააფიქსირა.
ჰალეს ტურნირის შემდეგ ნიკა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი, ისტბორნის ტურნირზე თამაშს გეგმავდა, თუმცა, იქიდან მოხსნა გადაწყვიტა და ახლა, პირდაპირ უიმბლდონზე ვიხილავთ, რომელიც წელს 28 ივნისიდან 11 ივლისამდეა დაგეგმილი.





