“ბარსელონამ” ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად დიდი სესხი აიღო. როგორც BeIN Sports იტყობინება, კატალონიურმა გუნდმა Goldman Sachs-ის ბანკისგან 595 მილიონი ევრო ისესხა.
წყაროს თანახმად, სესხი გაიცა 10 წლით ვადით, წლიური 1.98%-ით. აღსანიშნავია, რომ მანამდე ბარსას სესხი წელიწადში 6%-ად ჰქონდა აღებული. ესპანურ გრანდს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ამის გამო ლიონელ მესის შენარჩუნებაც ვერ მოახერხა.
“ბარსელონა” ასევე აქტიურად მუშაობს ფეხბურთელებთან ხელფასების შემცირების საკითხზე. ჯერჯერობით, მხოლოდ ჟერარ პიკემ გადადგა ნაბიჯი და ანაზღაურება დაიკლო. მას სერხი რობერტო, ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი მიბაძავენ.
ლაპორტას განცხადებით, ბარსელონას მთლიანი ვალი ამ დროისთვის 1.3 მილიარდ ევროს აღემატება.





