საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, 29 იანვარს გამართავს.
თამაშამდე ერთი დღით ადრე ავთანდილ ასათიანმა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა, რომელიც კვლავ ონლაინ რეჟიმში შედგა.
“განწყობა, როგორც ყოველთვის, საბრძოლო გვაქვს. ხვალინდელ შეხვედრაში პირველი ადგილის ბედი წყდება. საქმე ძალიან რთულ მეტოქესთან გვაქვს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც და ბოსნია-ჰერცეგოვინაც ძლიერი გუნდები არიან, თუმცა ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია.
დასაკარგი არაფერი გვაქვს და უნდა ვეცადოთ, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ, რადგან მეორე პოზიცია უკვე დაბევებული გვაქვს. ეს ფსიქოლოგიურად გვეხმარება და კარგ ხასიათზე ყოფნის საშუალებას გვაძლევს. ზედმეტი წნეხის გარეშე კი, დიდი ალბათობაა, რომ უკეთ ვითამაშოთ. ელისანდროს თაობაზე ექიმების დასკვნას ველით. ამის შემდეგ გვეცოდინება რისი იმედი შეიძლება გვქონდეს.
ნაწილობრივ მაინც მეოთხედფინალისკენ ვიყურებით. რამდენიმე მოთამაშეს მიკრო ტრავმა აქვს, რამდენიმეს – ბარათი. ასე რომ, ბალანსი უნდა დავიჭიროთ, რომ ამ თამაშმა კარგ შედეგამდე მიგვიყვანოს. ვეცდებით, მოვიპოვოთ ის ქულა, რომელიც პირველ ადგილზე გასვლის საშუალებას მოგვცემს, თუმცა როდესაც უკვე გასული ხარ, არ შეიძლება მთელი ენერგია და ძალა აქ ჩავტოვოთ. სიფრთხილე გვმართებს, თუმცა როდესაც ესპანეთს დონის მოწინააღმდეგე გყავს, ძალების დაზოგვით თამაში ძალიან ძნელია. ასე რომ, ბალანსი უნდა ვიპოვოთ. მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი უნდა ვეცადოთ.
ვიცით, რომ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში С ჯგუფის მეორეადგილოსანს შევხვდებით, ხოლო მარცხის შემთხვევაში რუსეთთან მოგვიწევს თამაში. ესპანეთის მსგავსად, რუსეთიც ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ასარჩევად საქმე არ გაქვს. პირიქით, აქ ყოფნა დიდი ბედნიერებაა და ძლიერ მეტოქეს უბრალოდ ვერ ავცდებით”, – განაცხადა ასათიანმა.








