„ვერ გავიზიარებ ირაკლი აბუსერიძის და მისი მომხრეების ხედვას, რომ რაგბი მხოლოდ მორაგბეებისაა და მის მართვაში არავინ უნდა ჩაერიოს“, – ამის შესახებ ვეტერანმა მორაგბემ, შოკა (შოთა) მოდებაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არ არის აუცილებელი რაგბის კავშირის პრეზიდენტი მაინცდამაინც ყოფილი მორაგბე გახდეს. მოდებაძის განმარტებით, არამორაგბე ადამიანსაც შესაძლოა აღმოაჩნდეს კარგი მენეჯერული თვისებები, რომელსაც წარმატებით გამოიყენებს რაგბის კავშირის მმართველობისას.
„რაგბი და საქართველოს ნაკრები მთელი ქვეყნისაა და ჩვენ ვართ ჯარისკაცები, რომლებმაც ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. სირცხვილია იმის თქმა, რომ არამორაგბე, მაგრამ პროფესიონალ მენეჯერს მის მართვაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. რატომ, ეს თამაში მამა-პაპისგან მემკვიდრეობით გვერგო? არალოგიკურია რაგბის კავშირის პრეზიდენტად მხოლოდ რაგბის დახვეწილი უნარების მქონე ადამიანს ვირჩევდეთ. თუ გადახედავთ მსოფლიოს წამყვან სარაგბო ქვეყნებს, ვერსად მოისმენთ, რომ რაგბი მხოლოდ ჩვენია და მის მართვაში არავინ უნდა ჩაერიოს.
მეც მითამაშია ნაკრებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკრები და რაგბი მხოლოდ ჩემია. მე ვიყავი მისი რიგითი წევრი, მქონდა პატივი მეთამაშა ქვეყნის სახელით, რაც უდიდესი ბედნიერებაა და მეტი არაფერი. როგორც არის გამონათქვამი ერი და ხალხი, ზუსტად ასეა ამ შემთხვევაში – ჯერ არის რაგბი და მერე ვართ მორაგბეები!
არამორაგბეს შეუძლია იყოს კარგი მენეჯერი და წარმატებით მართოს ფედერაცია. ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი აუცილებლად მოფარიკავე უნდა იყოს? ვთვლი, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს – მენეჯერმა მართოს, მორაგბემ ითამაშოს და ყველამ ერთად შევიტანოთ საკუთარი წვლილი რაგბის წარმატებაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს გაუსაძლისი სიტუაცია დროზე დასრულდეს, რადგან უკვე ძალიან შეილახა რაგბის სახელი. ახლა დროა გავერთიანდეთ და ყველამ ერთად ვაკეთოთ საერთო საქმე, რადგან რაგბია მთავარი და არა კონკრეტული პიროვნებები“, – განმარტავს შოკა მოდებაძე.
ვეტერანი მორაგბე მხარს სოსო ტყემალაძის კანდიდატურას უჭერს და მიიჩნევს, რომ ის რაგბის კრიზისიდან ამოყვანას შეძლებს.
„ტყემალაძეს პირადად არ ვიცნობ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ რამდენი სიკეთე გაკეთდა ქართული რაგბისთვის ბოლო 15 წლის განმავლობაში და როგორც ვიცი, ამ პროცესებში ეს კაციც იყო ჩართული. მე და ჩემი თაობის მორაგბეებს ასფალტზე გვიწევდა ვარჯიში და თამაში, ახლა კი ლამის ყველა კლუბს საკუთარი ბაზა აქვს. ამის არდანახვა უმადურობა იქნება. ჩემი აზრით, ნაკლებად უნდა გვადარდებდეს თამაშობდა თუ არა სოსო ტყემალაძე რაგბს, მთავარია, რა გაუკეთებია და რას გააკეთებს ჩვენთვის საყვარელი სპორტისთვის. მიმაჩნია, რომ რაგბის კავშირის სათავეში მისი მოსვლით, გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელმაც ქართული რაგბი ბოლო წლებში ასე წინ წაიყვანა“, – აცხადებს მოდებაძე.
შოკა, იგივე შოთა მოდებაძე ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, გურამ მოდებაძის შვილია, რომელიც ბორჯღალოსნებს რამდენიმე წლის განმავლობაში წვრთნიდა. ამავდროულად შოკა მოდებაძე ეროვნული გუნდის ღირსებასაც იცავდა(1993-2002 წლებში).
რაც შეეხება რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს, გამგეობამ განმეორებითი სხდომა 10 მარტს ჩანიშნა. მანამდე პირველი ყრილობა 24 თებერვალს ჩატარდა, თუმცა საკმარისი კვორუმის არარსებობის გამო დელეგატებმა პრეზიდენტი ვერ აირჩიეს.
უფრო ადრე, 2020 წლის 30 დეკემბერს „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. 6 იანვარს საჯარო რეესტრმა ვეტერან მორაგბეს პრეზიდენტად რეგისტრაცია შეუჩერა, მიზეზად კი წესდების შეუსაბამოდ ჩატარებული ყრილობა დასახელდა. ირაკლი აბუსერიძე ახალ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და სხდომას არალეგიტიმურად მიიჩნევს.







