პრობლემები რომ შეიქმნებოდა და მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ეს იმთავითვე ნათელი იყო. რთულია, როდესაც წლის უმთავრესი და მნიშვნელოვანი ტურნირისთვის მოსამზადებლად ნორმალური პირობები არ გეძლევა და სასტუმროს ნომერში გამოკეტილს გამყოფებენ.
ავსტრალიის მთავრობის და ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით და შემუშავებული რეგულაციებით აღშფოთებულია ფრანგი ჩოგბურთელი ალის კორნეც.
„რა გამოდის? შეჯიბრისთვის სრულფასოვნად მომზადების საშუალებას არ გვაძლევენ. მელბურნში ჩამოსვლამდე თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი, კორტზე საათებს ვატარებდი, კარგ ფორმაში და ტონუსში მოვედი და უცებ გეუბნებიან ოთახიდან ცხვირი არ გამოჰყოო.
ამდენი შრომა წყალმა წაიღო. ერთი კვირა უვარჯიშებლობა სპორტული ფორმიდან სრულიად ამოგვაგდებს და ეს ყველაფერი იმ ერთი ადამიანის გამო, რომელიც თურმე ჩარტერულ რეისზე აღმოჩნდა. ეს რაღაც სიგიჟეა“ – დაწერა ფრანგმა ჩოგბურთელმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე, თუმცა შემდეგ ეს პოსტი სოციალური ქსელიდან გააქრო.





