“დინამო” თბილისი ოთხშაბათს 14 ივლისს ბაქოს ნეფთჩის სტუმრად ეთამაშება. აზერბაიჯანის ჩემპიონმა პირველი თამაში თბილისში 2:1 მოიგო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ მოქმედებს და დინამო თბილისს ბაქოში ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება მინიმუმ ბრძოლაში დატოვებს, მაქსიმუმ კი მომდევნო ეტაპზე გაიყვანს.
მატჩის წინ კახა ცხადაძემ ადგილობრივი მედიის წარმოადგენლების შეკითხვებს უპასუხა. ქართველი სპეციალისტის თქმით, უხეში შეცდომები არ უნდა დაუშვან, რადგან პირველი თამაშის ბედი ამან გადაწყვიტა.
კახა ცხადაძე (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი):
“ხვალ ძალიან საინტერესო და ბევრად დაძაბული თამაში იქნება, რადგან ორივე გუნდი ერთმანეთზე უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს. როგორც ჩვენ, ისე მეტოქეც ეცდება, რომ გამოიყენოს ის სუსტი მხარეები, რაც პირველ თამაშში გამოჩნდა. ამიტომ, ძალიან დაძაბულ თამაშს ველოდები”.
პირველ თამაშზე: “ფაქტია, პირველი მატჩი ნეფთჩიმ მოიგო, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე ვერ დაგეთანხმებით, რომ მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო. თუნდაც სტატისტიკას რომ შევხედოთ, ნეფთჩის მეკარეს 7 სეივი ჰქონდა. მათ ჩვენი ორი უხეში შეცდომა გამოიყენეს და მოიგეს. თუმცა, თამაშში ყველა ასპექტის მხრივ ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა. ახლა უფრო აგრესიულად თამაში უნდა ვცადოთ და აღარ დავუშვათ ფატალური შეცდომები. ჩვენი მხრიდან მეტი სიზუსტეა საჭირო, წინა თამაშში კარში 8-ჯერ მოვახვედრეთ ბურთი და 1 გოლი ძალიან ცოტაა. მთავარია, რომ მომენტები გოლებად ვაქციოთ”.
თბილისში გაშვებულ გოლებზე: “პირველ გოლს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ ნეფთჩიმ ჩვენი მეკარის არასწორი პოზიცია გამოიყენა. მეორე გოლის დროს კი დაცვაში დავუშვით უხეში შეცდომა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპია და ასეთი შეცდომები არ გვეპატიება. მთელი თამაშის განმავლობაში დიდი უპირატესობა რომ გაქვს და მსგავს შეცდომებს უშვებ, ნეფთჩის მაღალი კლასის ფეხბურთელები არ გაპატიებენ.
ბაქსელ არენას შესახებ: “როდესაც აქ ვმუშაობდით, მაშინ ააშენეს ეს სტადიონი. ბევრი მაყურებელი არ ეტევა, მაგრამ ძალიან კომფორტული არენაა, განსაკუთრებით მასპინძელი გუნდისთვის, რადგან ტრიბუნები ძალიან ახლოსაა. გარდა ამისა, ვიცი, რომ აზერბაიჯანში ბევრი სტადიონი აშენდა და კარგი ინფრასტრუქტურაა. მე მომწონდა ყოველთვის ასეთ სტადიონებზე თამაში, რადგან სუფთა საფეხბურთოა, კომპაქტურია და ფეხბურთელს დიდ მოტივაციას აძლევს”.





