ცა და დედამიწა. ასეთი სხვაობა იყო სარდინიის ღია პირველობაზე იან ლენარტ-შტრუფთან 1/4 ფინალში მოთამაშე ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნახევარფინალში კორტზე გამოსულ ქართველ ჩოგბურთელს შორის.
უამრავი უნებლიე შეცდომა, ხასიათის სიმტკიცის არ ქონა, რასაც არაერთი ორმაგი შეცდომაც დაერთო და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მატჩის შედეგზეც აისახა – 2:6, 0:6. თითქოს ბასილაშვილი კორტზე წინასწარ განწირული და ყურებჩამოყრილი გამოვიდაო.
ორი აზრი არ არსებობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესაძლებლობები იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ეს კალიარის ტურნირის ნახევარფინალში ლასლო ჯიერესთან დაპირისპირების დროს ვნახეთ.
ჩოგბურთი ხასიათის თამაშია. ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ამა თუ იმ მეჩოგნეს კორტზე არაფერი გამოსდის, ხოლო მეტოქეს ყველაფერი. ასე მოხდა ამჯერადაც. ლასლო ჯიერემ, რომელიც რეიტინგის 57-ე ნომერია ბასილაშვილი ოფლის გამოუსვლელად დაჩაგრა.
ისე, სიმართლე ითქვას დიდად არც სერბი ჩოგბურთელი დაფრინავდა. უბრალოდ, ბასილაშვილი იყო ინერტული და მეტოქემაც ამით ისარგებლა.
ეს ის შემთხვევაა, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა აუცილებლად მალე უნდა დაივიწყოს და მონტე-კარლოს მასტერსს სრული მობილიზებით შეხვდეს.





