იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, „იუვენტუსმა“ დაგეგმილი გამარჯვება მშვიდად და აუღელვებლად მოიპოვა. ტურინელებმა „სპეციას“ უმასპინძლეს და სოლიდური სხვაობით – 3:0 დაამარცხეს.
მიუხედავად ამ გამარჯვებისა, „იუვენტუსი“ საჩემპიონო რბოლაში „ინტერს“ 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა ჯერ დაკარგული არაფერია.
ასე ფიქრობს ანდრეა პირლოც. „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი შედეგით კმაყოფილია და იმედს გამოთქვამს, რომ ტიტულის შესანარჩუნებლად ბოლომდე საქმეში იქნებიან.
„მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. როდესაც მომქანცველი სეზონის გადატარება უმთავრესად ერთ ბირთვზე გიწევს, ყველა წარმატებას ოქროს ფასი ედება. ფეხბურთელებს გადაღლილობა პირველ ტაიმში აშკარად დაეტყოთ. როდესაც დასვენებული ფეხბურთელები შემოვიყვანე, ეს შედეგზეც აისახა.
იუვენტუსი ყოველთვის იყო, არის და დარჩება შესანიშნავ გუნდად, რომელიც მუდამ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ახლაც გვსურს, რომ საჩემპიონო რბოლაში ბოლომდე დავრჩეთ“ – აღნიშნა ანდრეა პირლომ.





