საკალათბურთო კლუბი ტიტების განცხადებით, ჩვენი ნაკრების გამთამაშებელი მაიკლ დიქსონი, პირველი წრის ბოლომდე ამ გუნდში ითამაშებს.
როგორც კლუბში აღნიშნავენ, ამის მთავარი მიზეზი, ნაკრებში დიქსონის თანაგუნდელი და ამჟამად ტიტების მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილია, რომელთანაც მაიკლს მეგობრული ურთიერთობა აქვს.
„ტიტებში ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია, მისი დონის მოთამაშესთან ვარჯიშში, ისინი კიდევ უფრო გაიზრდებიან და განვითარდებიან“, – განაცხადა გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ჯაფარიძემ კლუბის პრესსამსახურთან.
1990 წელს დაბადებული მაიკლ დიქსონი, 2009-12 წლებში მემფისის, 2013-14 წლებში კი მისურის კოლეჯში თამაშობდა, 2014 წლის დრაფტზე არ არჩევის შემდეგ, ბედი ევროპულ კალათბურთში სცადა.
ჩვენს გუნდში ის პირველად ევრობასკეტის 2017 წლის საკვალიფიკაციო ტურნირზე გამოჩნდა, სადაც მან თამაშში საშუალოდ 16,6 ქულა, 3,2 მოხსნა და 4,2 პასი დააგროვა.
ბევრი გულშემატკივარი დიქსონს, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ საუკეთესო ნატურალიზებულ კალათბურთელად მიიჩნევს და შეიძლება ითქვას სამართლიანადაც. 185 სმ სიმაღლის კალათბურთელი გამორჩეულად ენერგიულია და კარგ დაცვას თამაშობს.








