სერბეთის საკალათბურთო ნაკრების ვეტერანმა ცენტრმა მიროსლავ რადულიცამ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურთან მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.
რადულიცა ამ გუნდების პირველ მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში იყო, პირველ წრეში ჩვენმა გუნდმა სტუმრად ბელგრადში 90:94 მოიგო, ამიტომ მიროსლავს ის შეხვედრა ცუდად ახსენდება.
ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ ასეთ რთულ სიტუაციაში, როდესაც პანდემიის გამო უამრავი შეზღუდვაა. კალათბურთელისთვის განსაკუთრებით რთული ფანების გარეშე თამაშია. სხვა გზა არ გვაქვს, კონცენტრაცია თამაშზე უნდა მოვახდინოთ. ბოლო მატჩი საქართველოსთან წაგებული გვაქვს და, რა თქმა უნდა, მოგებას ვეცდებით.
განსხვავებით საქართველოსგან, სერბეთის ნაკრებს ჯერ არ მოუპოვებია ევრობასკეტის საგზური. ყველამ ვიცით ქართველი ხალხის მებრძოლი სული. მნიშვნელობა არ აქვს საქართველო გასულია თუ არა, თქვენი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ.
რადგან მოგება ჩვენ თქვენზე მეტად გვჭირდება, ვეცდებით სათანადოდ გიპასუხოთ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ შეკრებისა და მომზადებისთვის დრო არ გვაქვს, მაგრამ ჩემი შუა სეზონია, მე და ჩემი თანაგუნდელებიც კარგად ვართ მომზადებულები და მატჩსაც მაქსიმალურად კონცენტრირებულები შევხვდებით.
რამდენიმე წელია, ევროპაში აღარ ვთამაშობ, ჩინეთის ჩემპიონატში გამოვდივარ, თუმცა მუდმივად თვალყურს ვადევნებ ევროპულ ამბებს. გიორგი შერმადინი, როგორც აქამდე, ახლაც აჩვენებს თავის ნიჭს, შესაძლებლობებს, ხარისხს. ვიცი, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მექულეა. რთულია მის წინააღმდეგ თამაში, იცის როგორ იმოქმედოს, როგორ ჩააგდოს, როგორ მიგაღებინოს ჯარიმა, თუმცა ხარისხი ჩვენც გვაქვს და კარგი ბრძოლა იქნება, – განაცხადა რადულიცამ.





