„პორტუ“ ხელწამოსაკრავი გუნდი არასოდეს ყოფილა. ის ჩემპიონთა ლიგის მუდმივი ბინადარია და პლეიოფებსაც ჩვეული.
პორტუგალიელები ევროპის ბობოლა გუნდებს ყოველთვის უქმნიდნენ პრობლემებს და ხშირადაც ამწარებდნენ. ამჯერად მათ „იუვენტუსი“ დაიბრიყვეს და 2:1 დაამარცხეს.
ნიშანდობლივია, რომ „პორტუმ“ ეს პირველად გააკეთა. ვგულისხმობთ ტურინელთა დამარცხებას. აქამდე მათ „იუვენტუსისთვის“ საერთაშორისო არენაზე არასოდეს მოუგიათ.
გამარჯვებით რა თქმა უნდა კმაყოფილია პორტუგალიელთა მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაო.
„უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო და განმეორებითი მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა შეგვექმნა. ჩვენ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ და მინდა ყველა გულშემატკივარს მივულოცო.
მოედანზე თავს შესანიშნავად ვგრძნობდით. ორივე გოლი დამსახურებულად გავიტანეთ. ჩვენმა წნეხმა შედეგი გამოიღო.
მშვიდად ყოფნის უფლება არ გვაქვს. მოვიგეთ, მაგრამ ეს ანგარიში მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. წინ ურთულესი განმეორებითი მატჩი გველის“ – აღნიშნა სერჟიო კონსეისაომ.





