2020 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეჯი გალახა, მან კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და ამით უამრავი მისი ქომაგი გააწბილა.
UFC-ის პრეზიდენტი დანა უაიტი ყველა ღონეს ხმარობს და ცდილობს ჰაბიბი დაბრუნებაზე დაითანხმოს. ამ თხოვნით მან დაღესტნელ მებრძოლთან არაერთი შეხვედრა გამართა, თუმცა ჯერჯერობით საწადელს ვერ მიაღწია და ჰაბიბიც მტკიცე უარზეა.
ამასობაში, დანა უაიტმა სხვა ხრიკს მიმართა და განაცხადა, რომ ნურმაგომედოვს მსუბუქი წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს არ ჩამოართმევენ.
„ხაბიბმა კონორ მაკგრეგორი გააცამტვერა, მან ოქტაგონზე გაანადგურა დასტინ პიორეც. ის ნამდვილი ვაჟკაცი და ღირსეული ჩემპიონია. ამიტომაც, მას ამ ტიტულს არ ჩამოვართმევთ. ის ჩემპიონად რჩება.
ჰაბიბი მალე ჩამოვა ლას-ვეგასში. ჩვენ ერთად ვივახშმებთ და დავილაპარაკებთ მის მომავალზე. ამის მერე გამოჩნდება მოვლენები როგორ განვითარდება“ – ამბობს UFC-ის პრეზიდენტი დანა უაიტი.
თავად ხაბიბ ნურმაგომედოვმა კი ამას წინათ განაცხადა, რომ მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონის წოდებას დასტინ პიორე იმსახურებს.





