კრიშტიანო რონალდუს უნიკალურ საფეხბურთო უნარ-ჩვევებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. პორტუგალიელი ვარსკვლავის შეუდარებლობაზე საუბარი უადგილოდაც კი გვეჩვენება. ის თამამად შეიძლება ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებშიც კი შევიყვანოთ.
ფეხბურთის და განსაკუთრებით რონალდუს ქომაგებს ეცოდინებათ, რომ პორტუგალიელს თავით არაერთი გოლი აქვს გატანილი, თუმცა ეგ არაფერი, თავით გოლი ვის არ გაუტანია, მაგრამ აქ სხვა ჭრილში გვსურს თქვენი ყურადღების მიქცევა. კრიშტიანუ ჰაერში იმდენად მაღლა იწევა, რომ აქამდე მისი რეკორდი მოუხსნელი იყო. 2019 წელს, „სამპდორიასთან“ დაპირისპირებაში, პორტუგალიელი მიწიდან 71 სანტიმეტრზე აიწია და გოლი 2.56 მეტრიდან გაიტანა. ეს მაჩვენებელი, ამ კომპონენტში აქამდე საუკეთესო იყო.
და აი, რეკორდი კრიშტიანო რონალდუსაც მოუხსნეს. როგორც წესი, ამას ყოველთვის პორტუგალიელი აკეთებდა, ახლა კი პირიქით მოხდა. საფეხბურთო სამყაროს ახალი გმირი კი ბევის მუგაბიმია. არა გვგონია, უგანდელი ფეხბურთელის თაობაზე ვინმეს ბევრი სმენოდეს, ამიერიდან კი ის ისტორიაში შევიდა.
აფრიკელი მცველი შოტლანდიური „მოზერველის“ ღირსებას იცავს, გოლი კი „როს ქაუნთისთან“ შეხვედრაში გაიტანა, რომელიც ყველაფერთან ერთად გამარჯვების მომტანიც გამოდგა.
რაც შეეხება რეკორდს. ბევის მუგაბი ჰაერში 74 სანტიმეტრზე ახტა და ზუსტი თავური დარტყმა 2.62 მეტრიდან განახორციელა.





