თორნიკე შენგელიაზე ალბათ ვერავინ იტყვის კონფლიქტურიაო. ამასობაში კი რუსული პრესა დაჟინებით ამტკიცებს რომ ქართველ კალათბურთელსა და „ცსკაში“ თანაგუნდელ მაიკ ჯეიმსს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი შეხლა-შემოხლაც მოხდა.
მეტი სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ინციდენტის და ზოგადად კონფლიქტის ინიციატორად მაიკ ჯეიმსს ასახელებენ და იქვე დასძენენ, რომ მას ურთიერთობა არა მხოლოდ შენგელიასთან, სხვა თანაგუნდელებთან და ასევე მთავარ მწვრთნელთანაც მოუვიდაო.
ამ ამბავს სოციალურ ქსელში თავად თორნიკე შენგელია ეხმაურება და განმარტავს, რომ თანაგუნდელებთან კარიერის მანძილზე არასოდეს უჩხუბია.
„ევროლიგაზე, ბოლო ორი მატჩი წავაგეთ და გერმანიაში წაფორხილების უფლება აღარ გვქონდა. მოხარული ვარ, რომ ალბასთან დაძაბულ დაპირისპირებაში ვიმარჯვეთ, მაგრამ ამავდროულად უაზრო ჭორებიც გავრცელდა. ამიტომ იძულებული ვარ მასზე კომენტარი გავაკეთო.
ის, რაც დაიწერა ჩემთვის დიდი ტვირთია და ის აუცილებლად უნდა მოვიშორო. მედია პლატფორმის ქონა იმას არ ნიშნავს, რომ რაც მოგინდება ან მოგაფიქრდება ყველაფერი წერო. თან გადაუმოწმებლად.
ძნელია შეეგუო, როდესაც საკუთარ თავზე ტყუილს კითხულობ. ცხოვრებაში თანაგუნდელთან არასოდეს მიჩხუბია. ჩემი მეგობრული რჩევაა – ჯერ ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე, სანამ ადამიანის რეპუტაციას შეეხებით“ – წერს საქართველოს ნაკრების კაპიტანი.





