საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ნოემბერში გასამართი შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ქართველი ფეხბურთელები მიმდინარე თვეში სამ ოფიციალურ მატჩს გამართავენ. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს შედგება. უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთის წინააღმდეგ ითამაშებს, 18 ნოემბერს კი ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის ჩატარდება. სამივე შეხვედრის მასპინძელი დინამო არენა იქნება.
ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ეროვნულ ნაკრებში 29 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტი – როტორის 22 წლის ქართველი შემტევი ბექა მიქელთაძე.
უკვე ცნობილია, რომ ტრავმის გამო მომდევნო სამ შეხვედრაში ჩვენ გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს თბილისში დაიწყებს.






