ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და მოძმე ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა.
“უკრაინას ბომბავენ, ბავშვები იღუპებიან, რაც ნამდვილად ძალიან სამწუხაროა. ომი ყველაზე ცუდი რამ არის. ჩემს ქვეყანასაც ბევრი ომი აქვს გამოვლილი. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე დასრულდება. მშვიდობა ყველაზე კარგია. ჩვეულებრივ ადამიანებს ომი არ სურთ. საფრთხეში მხოლოდ უკრაინა არ არის, საფრთხეშია ჩემი სამშობლო: საქართველოც, უკრაინა და საქართველო ერთმანეთისათვის ძალიან ახლობლები არიან. არ ვიცი, რა მოხდება ხვალ, მაგრამ იმედი მაქვს ომი მალე დასრულდება”, – განაცხადა ტოჩინოშინმა.
აქვე გეტყვით, რომ ლევანი 2018 წელს იმპერატორის თასის მფლობელი გახდა, რაც ჯერჯერობით ვერცერთმა ქართველმა ვერ შეძლო. ამასთან, ტოჩინოშინი ოძეკის წოდების მფლობელიც გახდა, რაც ასევე ქართველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. მოგეხსენებათ, ოძეკობიდან იოკუძუნამდე ერთი ნაბიჯია, თუმცა გახშირებული ტრავმების გამო ლევანი აღნიშნულ ტიტულს ვერ დაეუფლა.