საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
აღნიშნული თემის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და კანკავას დაემშვიდობა.
“ჯაბას გადაწყვეტილება ასეთია და ვალდებული ვართ, რომ პატივი ვცეთ. მასთან ერთად ეროვნული გუნდის მაისურით არაერთი მატჩი მითამაშია და ძნელად მახსენდება ფეხბურთელი, რომელიც ასე სწორად მიესადაგებოდა იმ პასუხისმგებლობას, რასაც მინდორზე ეროვნული გუნდის მაისურით გასვლა ჰქვია.
ჯაბა კანკავა სამაგალითო იყო ნაკრების თითოეული წევრისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომლებსაც თავისი ქცევით და საქმისადმი დამოკიდებულებით, სანაკრებო ფეხბურთის სირთულეების დაძლევაში ეხმარებოდა.
შრომა, თავდადება და პასუხისმგებლობის გრძნობა – ამ ღირებულებების მატარებელი ჯაბა, ჩემთვის პირადად, როგორც რიგითი გულშემატკივარისთვის, ყოველთვის დარჩება იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი”, – განაცხადა კობიაშვილმა.








