ქუთაისის “ტორპედო” ალეკ მუდიმუმ, დავით ასათიანმა, ლევან წოწონავამ, სამუელ ინკუმმა და გიორგი აბზიანიძემ დატოვეს. ინფორმაციას იმერული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებენ ფეხბურთელები კარიერას.
მუდიმუ გია ცეცაძის გუნდს გასულ სეზონში შეუერთდა, 26 წლის ფეხბურთელმა ქუთაისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
დავით ასათიანმა გასულ სეზონში “ტორპედოს” მაისურით 1 შეხვედრა ჩაატარა. 18 წლის მეკარე რამდენიმე კვირის წინ “ხეტაფეში” სინჯებზე იმყოფებოდა.
ლევან წოწონავა იმერულ გუნდს გასულ სეზონში შეუერთდა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ქუთაისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
სამუელ ინკუმიც სხვა ფეხბურთელების მსგავსად, გია ცეცაძის გუნდს გასულ სეზონში შეუერთდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა “ტორპედოს” მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
გიორგი აბზიანიძე “ტორპედოს” აღზრდილია, ახალგაზრდა მცველმა ქუთაისური გუნდის მაისურით 1 შეხვედრა ჩაატარა.





