UFC-ის 33 წლის ამერიკელმა მებრძოლმა, კელვინ კატარმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გიგა ჭიკაძე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, The MMA Hour-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლისგან უპატივცემულობა იგრძნო.
„რა თქმა უნდა, ბრძოლამდე მიმდინარე პროცესებს და განცხადებებს მთელი გუნდი თვალს ვადევნებდით, მაგრამ შეხვედრამდე ჩემპიონის გამოწვევა? ეს მეტოქის უპატივცემულობაა… ამას მე არასდროს გავაკეთებდი“, – განაცხადა კელვინ კატარმა The MMA Hour-სთან ინტერვიუს დროს.
„ეს ყველაფერი უპატივცემულობისკენ მიუთითებს. რა თქმა უნდა, ეს ვიგრძენი და ვეცადე ყველაფერი ოქტაგონზე გადამეტანა. მას პასუხი სპეციალურად არ გავეცი და ყველაფერი ბრძოლის დროს გადავწყვიტე. მინდა იცოდეს, რომ როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებ, შესაბამისი პასუხისთვისაც მზად უნდა იყო და ეს პასუხი მან რინგზე მიიღო“, – ამბობს კატარი.
გადაცემის წამყვანებმა კატარს კლინიკაში გიგასთან ერთად გადაღებულ ფოტოზეც ჰკითხეს, რომელზეც ქართველი მებრძოლი წერდა – „პატივისცემა კატარს“.
„ყოველი ბრძოლის შემდეგ დიდი შანსია, რომ მებრძოლები კლინიკაში გადაიყვანონ. როდესაც ჰოსპიტალში გადადიხარ, მანამდე ოქტაგონზე, ერთმანეთის წინააღმდეგ გატარებულ 25 წუთს ყველანაირი აზრი ეკარგება და ერთმანეთის მიმართ მხოლოდ პატივისცემას ამჟღავნებთ… ამ დროს ემოციებიც ჭარბობს.
გიგამ ჩემთან ჩხუბის დროს რამდენიმე სუფთა დარტყმა გაატარა, ასეთ დროს ბევრი მებრძოლი მუხლებზე დადგებოდა, ან სულაც დაეცემოდა, მაგრამ მან დიდი გამძლეობა აჩვენა. მეხუთე რაუნდის ბოლოს ვფიქრობდი, რომ მას ნაადრევად დავამარცხებდი, მაგრამ გიგამ თავის შეკავება მაინც შეძლო. დიახ, ეს ნამდვილად ჯოჯოხეთური ბრძოლა იყო“, – აღნიშნა 33 წლის ამერიკელმა მებრძოლმა.
ბრძოლის შემდეგ, გიგა ჭიკაძემ Facebook-ლაივის დროს განაცხადა, რომ კელვინ კატარს 10-დან 9 ბრძოლას მოუგებდა. ამერიკელ მებრძოლს ჟურნალისტებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, რასაც კატარმა ასე უპასუხა:
„ვფიქრობ, ბრძოლამდე ასეთი ამბიციური განცხადებები სისულელეა, რადგან ეს ყველაფერი ბრძოლის დროს 25 წუთში ერთიანდება და მანამდე ნათქვამს აზრი ეკარგება. როგორც ჩანს გიგა პირისპირ და ინტერვიუს დროს განსხვავებულია. რა თქმა უნდა, მის ნათქვამს სერიოზულად არ მივიღებ. რაც არ უნდა იყოს, მას სწრაფ გამოჯანმრთელებას და დაბრუნებას ვუსურვებ. მას პირადადაც ვუთხარი, რომ დაბრუნება სხვა მებრძოლთან ჩხუბით მოუწევს. იმედია, ამ წაგებას ღირსეულად მიიღებს და მიხვდება რა უნდა“, – განაცხადა კელვინ კატარმა.
შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, კატართან განცდილი მარცხი გიგა ჭიკაძისთვის UFC-ში პირველი იყო.
პირველი მარცხი – გიგა ჭიკაძე კატართან 5-რაუნდიან თრილერში დამარცხდა | VIDEO





