ეროვნული ლიგის 36-ე ტურის მატჩი ბათუმის “დინამოს” და გორის “დილას” შორის ფრედ 2:2 დასრულდა. ბათუმის ულამაზეს სტადიონზე 7-ათასამდე შეკრებილი გულშემატკივარი ფეხზე წამომდგარი მიესალმა გუნდს, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვა.
ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, ბათუმელთა პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში” აღნიშნა, რომ “დინამო ბათუმის” ფეხბურთელებით არაერთი უცხოური გუნდები დაინტერესდა.
“ირაკლი აზაროვთან დაკავშირებით 2-3 თვის განმავლობაში მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება, თემას არ დავაკონკრეტებ. კლუბის მთავარი ამოცანა ჩვენი ფეხბურთელების უცხოეთის რომელიმე წარმატებულ კლუბში რაც შეიძლება მეტად გაყიდვა უნდა იყოს. დამიჯერეთ, დინამო ბათუმის ამოცანა დღეს ეს არ არის. ჩვენი მიზანია, ფეხბურთელები, რომლებიც დღეს კლუბს ესაჭიროება შევინარჩუნოთ და უფრო გავძლიერდეთ, რომ რომელიმე ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ.
ძალიან ბევრი წინადადებაა როგორც ჯოვინო ფლამარიონზე ასევე გრიგოლ ჩაბრაძეზე. ყველანაირად ვცდილობთ, აზაროვი შევინარჩუნოთ. კლუბი ცოცხალი ორგანიზმია, ვიღაც მიდის, ვიღაც მოდის. მთავარია, ეს გუნდის დასუსტების ხარჯზე არ მოხდეს. ის თანხებიც, რაც ფეხბურთელების ტრანსფერებიდან შემოვა, ისევ კლუბის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს”, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.





