ყაზანის “რუბინის” ყოფილმა მწვრთნელმა ედუარდო დიკამპომ რუსულ Bussines Online-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა.
“ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე ფეხბურთელია. მას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მაშინ ზურიკოს იმიტომ ვამჯობინებდით, რომ უკეთეს ფორმაში იყო, ხვიჩას კი სულ მეტოქის მოტყუება უნდოდა. მის მიერ ბურთის დაკარგვა ჩვენთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა და კონტრშეტევას ვუშვებდით. ახლა კი, როცა კვარაცხელია ბურთს კარგავს, ხვიჩას მონაწილეობის გარეშე სხვა ფეხბურთელებს შეუძლიათ მისი დაბრუნება. ჩვენ დროს კი სხვა მიდგომა იყო, გვინდოდა, მთელ გუნდს შეეტია და თავი ასევე მთელ გუნდს დაეცვა. ახლა ხვიჩა იმაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე ჩემი მწვრთნელობის პერიოდში.
სლუცკიმ ხვიჩას უფრო მეტი სათამაშო დრო მისცა. გუნდს გათვლა ხვიჩაზე აქვს, რომ ის მომენტებს შექმნის: პენალტს მოიპოვებს, თვითონ გაიტანს, ან მეტოქეს ყვითელ ბარათს მიაღებინებს. ჩვენს ხელშიც ჰქონდა პროგრესი, როცა სათადარიგოთა სკამიდან შემოდიოდა.
ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ მას ამხელა ყურადღება არ უნდა დაუთმონ. ხვიჩა მაშინ მხოლოდ 19 წლის იყო და კარიერას იწყებდა. მისთვის მშვიდად შრომის საშუალება უნდა მიეცათ, შემდეგ კი ყველაფერი თავისით მოხდებოდა. დიდი ალბათობით, მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი რეალურ ინტერესზე მეტად აგენტების სურვილია, რათა კვარაცხელია გაყიდონ. მაგრამ ნათელია, ადრე თუ გვიან ხვიჩა ევროპაში ითამაშებს.
ზურიკოს გოლები აკლია. როცა ის სეზონში 6-7 გოლის გატანას დაიწყებს, ბრწყინვალე ფეხბურთელი დადგება. მას კარგი ტექნიკა და კარგი პასი აქვს, დიდ სამუშაოს ასრულებს”, – განაცხადა “რუბინის” ყოფილმა მწვრთნელმა.





