9 ოქტომბერს დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საქართველო – საბერძნეთის გადადების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს, მატჩის ორგანიზატორებს. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა მათი მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილეს.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მატჩის ჩატარება სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე გადაწყვიტა. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.
“ფეხბურთი არის სწორედ ის ძალა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა. თანაგრძნობის გამოხატვის ფორმა კი მაყურებლის პირადი გადაწყვეტილებაა. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდესი ტრაგედიის გამო.
ჩვენ ეროვნულ ნაკრებს კი წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა კობიაშვილმა.





