საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ოქტომბრის მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ისაუბრა.
“სექტემბერში რთული დრო გვედგა და არამხოლოდ დაფიქსირებული შედეგების, არამედი ნაჩვენები თამაშის გამო, იმედგაცრუებულები ვიყავით.
მომავალში, რომელსაც ახლა ოქტომბერში ვიყწებთ, შევეცდებით, რომ ჩვენი თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ და უფრო პროფესიონალური გავხადოთ. უფრო შეკრულები და გუნდური უნდა ვიყოთ. კონკრეტულად, არავის ვადანაშაულებ, უბრალოდ როცა, ნაკრების მაისური გაცვია, უნდა გრძნობდე, რომ ეს არ არის საშუალება, არამედ ეს არის მიზანი, რომლის გარშემოც უნდა გავერთიანდეთ და იმედი მაქვს, ამ სულისკვეთებას ოქტომბრის მატჩებში ამას დავინახავთ.
სექტემბერში, როგორც უკვე ვნახეთ, ამ ჯგუფში რთული მეტოქეები დაგვიპირისპირდნენ, ამ მხრივ ოქტომბერში შედარებით იოლად გვაქვს საქმე.
ძალიან ვწუხვარ, რომ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ოთარ კიტეიშვილია, გამოგვაკლდა. იმედი მაქვს, ის მალე დაბრუნდება და წარმატებაში დაგვეხმარება.
როცა ჩვენ ვერ ვთამაშობთ კარგად, ამას ვაანალიზებთ. სექტემბერში, ყველა ფეხბურთელი არ იყო მაქსიმალურად მოტივირებული. ეროვნული ლიგიდან ნაკრებში ბევრი მოთამაშე ვიხმეთ. დონეებს შორის განსხვავება კარგად გამოჩნდა.
კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელები “ნაპოლში“, “ლაციოს”, “ნორვიჩსა” და სხვა დიდი ლიგების დიდ კლუბებში თამაშობენ, რა მხრივაც ჩვენ მათ ჩამოუვვარდებით. ეს ფაქტია და ამ ფაქტის შესაცვლელად ბევრი უნდა ვითამაშოთ. ახალი თაობა მოდის, რომელსაც ტოპ ჩემპიონატში თამაში შეეძლებათ. ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მამარდაშვილი, დავითაშვილი, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში. ჩვენ მხოლოდ დიდ გუნდებში რამდენიმე შეხვედრის ჩატარება არ გვჭირდება, გვინდა, რომ ეს ფეხბურთელები მაღალ დონეზე სტაბილურად თამაშობდნენ.
ოქტომბერში, ნაკრებში გამოცდილი ფეხბურთელების დაბრუნება გადავწყვიტეთ, კვეკვესკირი, გვილია და ოქრიაშვილი დაგვიბრუნდნენ. ისინი თავიანთ დადებით განწყობას შემოგვმატებენ, მათი გამოცდილება საჭიროა ნაკრებისთვის.
მინდა, რომ სამივე მატჩი მოვიგოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა უფრო მაღალ დონეზე ავიდნენ. ისევე, როგორც თქვენ, ჟურნალისტებს გჭირდებათ მუდმივად გაუმჯობესება, ასე არიან ფეხბურთელებიც. პატარა ბიჭებს ამხელა პასუხისმგებლობა მხრებზე არ უნდა დავადოთ და პირიქით, გვერდით უნდა დავუდგეთ და ერთიანობით განვავითაროთ ჩვენი ნაკრები.
მე ძალიან მიყვარს ესპანეთის ნაკრების მაგალითის მოყვანა. 2000-იანი წლების სტარტზე მათ ცუდი შედეგები ჰქონდათ, მაგრამ ასევე ჰქონდათ პროექტი, რომელიც მიზნად ახალგაზრდა ფებხურთელების განვითარებას ისახავდა. ასეთივე ბიჭები იყვნენ ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, პუიოლი და სხვები, მერე კი რაც მოხდა ყველამ ვნახეთ”, – თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 12-ში კი კოსოვოს ესტუმრება.





