30 სექტემბერს კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ერთმანეთს გიორგი ჩაკვეტაძის გენტი და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ანორთოსისი დაუპირისპირდება.
მატჩის წინ, ბელგიური მედია გიორგი ქვილითაიას დაუკავშირდა. გიორგიმ Het Nieuwsblad-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ძალიან ახარებს ყოფილი თანაგუნდელის, გიორგი ჩაკვეტაძის მწყობრში ჩადგომა.
“ვაღიარებ, გენტში გატარებული პერიოდი არცთუ წარმატებული გამოვიდა, რისი მიზეზიც გარკვეულწილად ტრავმაც იყო. კლუბის გამოსვლას თვალყურს აღარ ვადევნებ, თუმცა ძალიან მიხარებს ის, რომ გიორგი დაუბრუნდა მისთვის ნორმალურ დონეზე თამაშს და კარგ ფორმაშია. გენტში ყველაზე საშიში მოთამაშე ალბათ სწორედ ჩაკვეტაძეა და ხუთშაბათს ფამაგუსტას გუნდმა ყურადღება სწორედ მას უნდა მიაქციოს”, – ამბობს ქვილითაია.
გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, ბოლო ორ მატჩში კი გენტის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და საგოლე პასითაც გამოირჩა.





