ვეტერანმა მორაგბემ, დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ქართულ რაგბიში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა:
„ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. ჩემი შრომით აუცილებლად გავამართლებ ამ ნდობას და დარწმუნებული ვარ, საქმეს წარმატებით წარვუძღვები. რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პასუხისმგებლობა რამდენიმეჯერ არის გაზრდილი და ვალდებულნი ვართ, საქმე ძალიან კარგად და გამჭვირვალედ წარვმართოთ.
კრიზისის დაძლევის მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგმულია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომელიც რაგბის კავშირის ბიუჯეტის ზრდას შეეხებოდა, დავალიანების ნაწილის დაფარვის შესაძლებლობა მოგვცა; შეიქმნა ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“, რაც სპორტული კუთხით უმნიშვნელოვანესია. ბიჭებს მრავლად უნდა ჰქონდეთ მაღალი დონის თამაშები, რათა იქ მიღებული გამოცდილება ეროვნულ ნაკრებში გამოიყენონ.
მნიშვნელოვანი ძვრებია ინფრასტრუქტურის კუთხით. უკვე დაანონსებულია ახალი მოედნების მშენებლობა. ამ მხრივაც დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რადგან ასეთი კრიზისისა და შეზღუდვების ფონზე, რაგბის მოედნების მშენებლობა რომ ანონსდება, ეს უდიდეს მხარდაჭერაზე მეტყველებს; მეოთხე, უნიშვნელოვანესი პუნქტია ბავშვთა რაგბი და მასობრიობა. ჩვენ გვჭირდება გადამზადებული მწვრთნელები, რომლებიც ბავშვებს რაგბის ფასეულობებზე გაზრდიან.
ჩემთვის მნიშვნელოვანია იდეა და ფასეულობა, რის გარშემო გამგეობა შეიკრა. ეს ფასეულობაა რაგბი და მისი განვითარებისთვის ხელშეწყობა. გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა პიროვნებების ან რეგიონების მიხედვით, არამედ იმისათვის, რომ ეს უკეთესი იქნება რაგბისთვის. რაგბი მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა, და ვეცდებით, ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში გატარებული იყოს მათი ინტერესები“, – განაცხადა კაჭარავამ.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის ვეტერან მორაგბეს „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი – 121 შეხვედრა აქვს ჩატარებული. გამგეობის თავმჯდომარეობასთან ერთად, კაჭარავა „ქართული ოცნებიდან“ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია.





