სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ რაგბის კავშირის ახლად არჩეული გამგეობის პირველი სხდომა გაიმართა.
გამგეობის სხდომაზე მედია არ დაუშვეს, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ გამგეობის წევრებმა მნიშვნელოვანი მიმდინარე საკითხები განიხილეს და ახალ თავმჯომარედ დავით კაჭარავა აირჩიეს.
რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე 36 წლისაა. სანაკრებო კეპებით „ბორჯღალოსანთა“ რეკორდსმენ კაჭარავას მდიდარი სპორტული კარიერა ჰქონდა. წლების განმავლობაში იყო საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი და ლიდერი. 2006 წლიდან მან საქართველოს ნაკრების მაისურით 122 თამაში ჩაატარა და „ბორჯღალოსნებს“ 125 ქულა მოუტანა. კაჭარავამ 122-დან 104 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 79 შემთხვევაში მოედნიდან გამარჯვებულმა გავიდა.
კაჭარავა არის ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. თამაშობდა ქართულ, ფრანგულ და რუსულ სარაგბო კლუბებში. კარიერა 2020 წელს დაასრულა.
დავით კაჭარავამ დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი, 2020 წლის დეკემბრიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრია.








