გუშინ ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია დაიწერა. საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა.
20 წლის მეკარის მიერ ჩატარებული თამაში მეტნაკლებად წარმატებულად უნდა შეფასდეს. მამარდაშვილმა 8 ბურთის მოგერიება მოახერხა, თუმცა ორი გოლი მაინც გაუშვა. პირველი გოლის ეპიზოდში გიორგის ვერ დავადანაშაულებთ, რადგან კარისკენ დარტყმული ბურთი „ვალენსიას“ მცველს მოხვდა და მისი მოძრაობის საპირისპიროდ წავიდა, აი მეორე გოლის ეპიზოდი კი ნამდვილად საკამათოა. ამ შემთხვევაში სპეციალისტების აზრი ორად არის გაყოფილი – ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველი მეკარე გამოსვლისას შეცდა და ბენზემამ გოლი სწორედ მისი შეცდომით გაიტანა, ნაწილი კი დანაშაულს „ღამურების“ ცენტრალურ მცველებში ხედავს, რომელიც ფრანგ ფორვარდთან ბრძოლის დროს პოზიციის დაკარგვას გულისმობს.
ასეა თუ ისე, ქართველმა მეკარემ „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და თავი დამაჯერებელი ასპარეზობით დაგვამახსოვრა. მართალია მისი გუნდი დამარცხდა, თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიას“ სასტარტოში კიდევ მრავალჯერ ვიხილავთ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ 20 წლის მეკარებ სოციალურ ქსელ Instagram-ზე პოსტიც გამოაქვეყნა, წარწერით – „უიღბლო დღე, კარგი გამოცდილება“.
View this post on Instagram
ხოსე ბორდალასის გუნდს ლა ლიგაში 3 მოგება, 1 მარცხი და 1 ფრე აქვს. „ვალენსიას“ 5 ტურში 10 ქულა აქვს დაგროვებული და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 22 სექტემბერს, სტუმრად „სევილიას“ წინააღმდეგ გამართავენ.





