განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს თავდებში ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე ჩაუდგებიან. ამის შესახებ ყოფილი დეპუტატის და 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონის უფლებადამცველმა, კახა ცნობილაძემ განაცხადა.
„არსებობს ალტერნატივაც. სასამართლოს აუცილებლად მოვთხოვთ, რომ გირაო იყოს გამოყენებული და ასევე განიხილება თავდებობაც. არსებობენ ცნობილი პიროვნებები, სპორტსმენები, რომლებიც დაუდგებიან თავდებში, ამ ყველაფერს წარვუდგენთ სასამართლოს. ვგულისხმობ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონებს, ლაშა ბექაურს და არამარტო მას, ალბათ ლაშა ტალახაძეც იქნება. ის მზადყოფნას გამოთქვამს ამისთვის“, – განაცხადა კახა ცნობილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ზვიადაური სამართალდამცველებმა ორი დღის წინ, სოფელ წინანდალთან მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე დააკავეს. ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს. თელავის რაიონული სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ხვალ იმსჯელებს.





