საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„აქ შეფასებები გადაჭარბებული იქნება, რადგან ლაშამ თავისი გამოსვლით დაამტკიცა, თუ რამდენად ლამაზი და კარგი სპორტსმენია თანამედროვე ძალოსნობითვის და თანამედროვე მსოფლიო სპორტისთვის. ვულოცავ საქართველოს, ჩვენს დელეგაციას, განსაკუთრებით ძალოსნობის ფედერაციას, რომელმაც ძალიან დიდი შრომა ჩადო, ჩვენს სამედიცინო ჯგუფს, რომლებმაც არცერთი წამი არ დაიშურეს იმისთვის, რომ ამ ყველაფრისთვის მზად ვყოფილიყავით, გიორგის, ზურას, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია, რადგან დღეს ალბათ საქართველო კიდევ ერთხელ გაერთიანდა და იმედია, ეს სიხარული დიდხანს გაგვყვება იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ერთობა შეინარჩუნოს. გვინდა, რომ ბევრი გამარჯვება გვქონდეს და 3 წელიწადში კიდევ გვაქვს ოლიმპიური თამაშები, სადაც იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი მიზნები ასრულდება“, – განაცხადა ასანიძემ.
ლაშა ტალახაძემ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა. ქართველმა სპორტსმენმა ტოკიოს საერთაშორისო ფორუმის დარბაზში მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა და თავისივე რეკორდებიც გააუმჯობესა.





