საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას პორტუგალიურ ”ჟილ ვისენტეში” გააგრძელებს. 26 წლის ფეხბურთელი ”ჟილ ვისენტეს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
მას მიმდინარე ზაფხულში რამდენიმე კლუბი იწვევდა, გადამწყვეტ ეტაპზე კი არჩევანი გერმანულ დიუსელდორფის ”ფორტუნსა” და პორტუგალიურ ”ჟილ ვისენტეს” შორის უნდა გაეკეთებინა. ცენტრალურმა ნახევარმცველმა უპირატესობა პორტუგალიურ გუნდს მიანიჭა.
გასული სეზონი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა რეალ ოვიედოში დაიწყო, თუმცა მთავარი მწვრთნელი გიოს არ ენდობოდა, რის გამოც კლუბი დატოვა და სეზონის ბოლომდე ”კარტახენაში” იასპარეზა. მან ესპანური გუნდის რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და 29-ე ტურში „პონფერადინას“ ბრწყინვალე გოლი გაუტანა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს სადებიუტო გოლი გაუტანა.





