გადაწყვეტილი ამბავია. მომავალი სეზონიდან „ლესტერში“ პადსონ დაკა ითამაშებს. 22 წლის ზამბიელი ფორვარდი პრემიერლიგაში ავსტრიული „ზალცბურგიდან“ გადაბარგდება.
ინგლისურ და ავსტრიულ გუნდებს შორის მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და პადსონ დაკაც „ზალცბურგს“, სადაც 2018 წლიდან ირიცხებოდა დაემშვიდობება. ტრანსფერი კი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკას სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონ ევროს შეადგენს.
ზამბიელი შემტევი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე, ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 42 მატჩში 34 გატანილი გოლია.
პადსონ დაკას ხელში ჩასაგდებლად „ლივერპული“, „ჩელსი“ და „ლაიპციგი“ იბრძოდნენ, თუმცა საბოლოოდ მიზანს „ლესტერმა“ უწია.





