ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ სერია A-ს ბოლო ტურში ბოლონიასთან მატჩის წინ ისაუბრა.
„ფეხბურთელებს ენერგია დაუბრუნდათ, რადგან ადრენალინის მიღებაში, მათ გამარჯვებები უწყობს ხელს. მილანთან დამარცხების შემდეგ ჩვენ დაგვასამარეს, მაგრამ ფეხზე წამოვდექით.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყურადღება საკუთარ თამაშზე უნდა გავამახვილოთ, ვცდილობთ კარგად გამოვიდეთ და მივაღწიოთ ჩვენთვის საჭირო გამარჯვებას და შემდეგ ვნახოთ სხვები რას იზამენ.
არა მგონია, კლუბმა ჩემი მომავალი ამ მატჩის მიხედვით გადაწყვიტოს. ვფიქრობ, ისინი მთელ სეზონს შეაფასებენ და შემდეგ გადაწყვეტენ, ეს მათი საქმეა, ვნახოთ.
ყოველთვის მაღლა თავაწეული დავდიოდი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი საქმე 100%-ით შევასრულე. მე ყოველთვის ყველასთან გულწრფელი ვიყავი.
მე არ ვარ კმაყოფილი ჩვენი შედეგით, რადგან ჩვენ ვერ მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს, მაგრამ ბიჭებთან ურთიერთობა სეზონის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი იყო. მათ ნამდვილი თავგანწირვა გამოიჩინეს.
მე გამარჯვებული მოთამაშე ვიყავი და მინდა გავხდე გამარჯვებული მწვრთნელი, ამიტომ ამ სეზონის შემდებ, გაუმჯობესების და განვითარების შესაძლებლობას ვხედავ”, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.





