ქობულეთის „შუქურა“ საქართველოს თასის გათამაშებაში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. მართალია, ზღვისპირელებს ეროვნულ ლიგაში საქმეები მთლად კარგად არ მისდით, მაგრამ დავით ყიფიანის სახელობის თასზე წინ ჯიქურ მიიწევენ.
გიორგი შაშიაშვილის გუნდმა ტურნირს მეორე ლიგელი თბილისის „შევარდენი“ გამოთიშა. წყვილის ფავორიტად ქობულეთელები მიიჩნეოდნენ და მათაც ქომაგები არ ანერვიულეს. „შუქურამ“ მეტოქეს მათსავე მოედანზე წყნარად და აუღელვებლად 2:0 მოუგო.
ანგარიში 30-ე წუთზე გელა გოგიტიძემ გახსნა და თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო მატჩის მიწურულს 90-ე წუთზე თავი გიორგი ჩელებაძემ გამოიჩინა.
ამრიგად, ქობულეთელებმა ეროვნულ ლიგაში ბოლო პერიოდში წარუმატებელი თამაშის შემდეგ, ხასიათი თასზე გამოიკეთეს.





