ევროპული ფეხბურთის ფლაგმანი, მადრიდის „რეალი“ დიდი სირცხვილის საშიშროების წინაშე იდგა, მაგრამ ზიდანის შეგირდებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ „სამეფო გუნდი“ ტყვილა არ ჰქვიათ და ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, მართლაც მეფურად ითამაშეს.
სირცხვილში კი იმას ვგულისხმობთ, რომ იყო შანსი და არცთუ ისე პატარა, რომ „რეალი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფში ჩარჩენილიყო. ის კი არა, იმის ალბათობაც არსებობა, რომ მადრიდელები მიმდინარე სეზონში საერთოდ ევროსარბიელს მიღმა აღმოჩენილიყვნენ.
საბოლოოდ, „რეალის“ მილიონობით ქომაგმა შვებით ამოისუნთქა. მათმა საყვარელმა გუნდა, შინაურ კედლებში გერმანულ „გლადბახს“ 2:0 მოუგეს და თებერვალში პლეიოფში ჩაერთვებიან.
აი, რას ამბობს ზინედი ზიდანი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე:
„უდიდეს შვებას და კმაყოფილებას ვგრძნობთ. ჩვენი მიზანი ყოველთვის პირველობისთვის ბრძოლაა და დღეს ეს მშვენივრად გამოგვივიდა. ჯგუფიდან ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი გავედით და შევეცდებით რაც შეიძლება შორს წავიდეთ.
„გლადბახთან“ ყველა ასპექტში მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივი მატჩი ჩავატარეთ. 90 წუთის მანძილზე ვდომინირებდით.
„რეალს“ ყოველთვის შეუძლია მოიგოს მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება. „რეალს“ გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევის იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. ამიტომაც ვართ ყველაზე ძლიერები, ამიტომაც ვართ „რეალი“. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ“ – აღფრთოვანებას ვერ ფარავს ლეგენდარული ზინედინ ზიდანი.





