„ბარსელონა“ მიმდინარე სეზონს უტიტულოდ არ ჩაამთავრებს, რადგან ცოტა ხნის წინ, ესპანეთის თასი მოიგო, სადაც ფინალში „ბილბაოს“ სძლია, თუმცა კატალონიური გრანდის მაქსიმალისტი გულშემატკივრებისთვის და თავად გუნდის ბოსებისთვის ეს საკმარისი შეიძლება არ აღმოჩნდეს.
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, საუკეთესო რეაბილიტაცია ლა-ლიგაში გამარჯვება იქნებოდა, მაგრამ დიდი ალბათობით რონალდ კუმანის გუნდი ვერც ამას შეძლებს. არა, გაჩემპიონების შანსები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ბოლო 3 ტურში დაკარგული 5 ქულა შესაძლოა „ბარსელონას“ ძვირად დაუჯდეს.
შინაურ არენაზე „გრანადასთან“ წაგების შემდეგ, „ბარსელონამ“ სტუმრად „ვალენსია“ კი დაამარცხა, მაგრამ საჩემპიონო ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ატლეტიკოს“ ვერ სძლია და ფრედ ითამაშა.
როგორც ესპანური მედია იუწყება ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მნიშვნელოვანი მატჩების აბსოლუტური უმრავლესობა წააგო, რაც კუმანს ალბათ თანამდებობის დაკარგვის ფასად დაუჯდება.
„ბარსელონას“ ძველ-ახალმა პრეზიდენტმა ლაპორტამ ამას წინათ განაცხადა, რომ რონალდ კუმანს მხარს უჭერდა, თუმცა ბევრი რამ გუნდის მომავალ შედეგებზე იქნებოდა დამოკიდებული.
კატალონიელთა სავარაუდო ახალ მთავარ მწვრთნელად კვლავ ჩავი ერნანდესი სახელდება.





