ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობრივი „დინამო“ თბილისის „დინამოს“ დაუხვდა. გარდა გუნდების ტრადიციებისა და სახელისა, ეს შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ ბათუმის ახლადაშენებული სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა, თანაც ასეთი დონის გუნდების დაპირისპირებით.
მატჩს 6 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო, თუმცა შეზღუდული რაოდენობის მიუხედავად, მათ სტადიონზე შესაბამისი საფეხბურთო ატმოსფეროს შექმნა მაინც შეძლეს და როგორც მოსალოდნელი იყო, საყვარელ გუნდს შეხვედრის ბოლომდე თავდაუზოგავად ამხნევებდნენ.
თავისმხრივ, ქომაგების გარსჯა დააფასეს ფეხბურთელებმაც და მათ უპრინციპულეს შეხვედრაში გულშემატკივრები გაწბილებულები არ დატოვეს.
ბათუმელი ფეხბურთელები სათამაშო უპირატესობას საწყის წუთებშივე დაეუფლნენ და პირველ ნახევარში თბილისელებს ყველა ასპექტში აჯობეს. საბოლოოდ, ეს უპირატესობა მასპინძლებმა ლოგიკურ დასასრულამდე 42-ე წუთზე მიიყვანეს. გიორგი ფანცულიას გადაცემით ჯაბა ჯიღაურმა ბრწყინვალედ ისარგებლა და შავი ზღვისპირელები დააწინაურა. პირველი ნახევარი ბათუმის დინამომ 1:0 მოიგო, თუმცა დარჩენილ დროში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ისე გამოვიდა, რომ ჯიღაურმა გამარჯვების გოლიც გაიტანა.
მეორე ნახევარში თბილისური კლუბი შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა. გიორგი ნემსაძის გუნდმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური სახიფათო მომენტის შექმნა შეძლო, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თავისმხრივ, გია გეგუჩაძემ ბათუმური კლუბის თამაში ძირითადად კონტრშეტევებზე გადააწყო და სახიფათოდაც უტევდა, მაგრამ სხვაობა აღარ შეცვლილა. საბოლოოდ გეგუჩაძის გუნდმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი სეზონის მეორე მატჩშიც დაამარცხა და სატურნირო ცხრილშიც გალიდერდა.





