სრული კრახი და ფიასკო. მხოლოდ ამ სიტყვებით შეიძლება შეფასდეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ასპარეზობა ტოკიოს ოლიმპიადის ბოლო სალიცენზიო ტურნირზე.
სოფიაში მიმდინარე ამ მნიშვნელოვან შეჯიბრში საქართველოს ნაკრები 3 ფალავნით იყო წარმოდგენილი და მიზანს ვერცერთმა მიაღწია.
პირველი ტურნირს ოთარ გოგავა გამოაკლდა, რომელმაც სასტარტო ეტაპზევე წააგო და შესაბამისად ულიცენზიოდ დარჩა. სამწუხაროდ ვერ იყოჩაღეს ბექა ლომთაძემ (65კგ) და სანდრო ამინაშვილმაც (86კგ).
ყველაზე ახლოს ლიცენზიასთან ლომთაძე იყო, რომელმაც ნაკრებს კორონავირუსის გამო გამოკლებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩაანაცვლა და ამ წონაშიც პირველად მოუხდა ჭიდაობა. ლომთაძემ ორი წრე კი გაირა, მაგრამ მეოთხედფინალში პოლონეთის სახელით მოასპარეზე გაჯიევთან წააგო.
ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადაზე მხოლოდ 3 ფალავნით – გენო პეტრიაშილით, ელიზბარ ოდიკაძით და ავთანდილ კენჭაძით იქნება წარმოდგენილი.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მწირი გუნდით დამოუკიდებელი საქართველო ჭიდაობაში ოლიმპიურ თამაშებზე არასოდეს წარმსდგარა.





