სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის მადრიდის მასტერსი ნაადრევად დასრულდა. მიუნხენში გაჩემპიონების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანეთის დედაქალაქში პირველივე წრეში ბენუა პერისთან წააგო.
საგულისხმობა, რომ ფრანგი ჩოგბურთელისთვის ეს გამარჯვება მიმდინარე სეზონში მეორე გახლდათ და ალბათ ამიტომაც იყო, რომ ძალზედ გაიხარა.
ბენუა პერის მომდევნო მეტოქე ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება, მანამდე კი ფრანგი მეჩოგნე ბასილაშვილთან გამარჯვების შემდეგ ასეთ კომენტარს აკეთებს:
„თვითრწმენისთვის ეს მოგება ძალზედ მჭირდებოდა. ხვალ რომ რომელიმე ტურნირზე ისევ სადმე ოთახში გამომკეტონ და თამაშსაც მაყურებელი არ ესწრებოდეს ეს ჩემზე ცუდად იმოქმედებს, მაგრამ მადრიდში ყველაფერი პირიქით არის. სასიამოვნოა, როდესაც ტრიბუნებიდან გამხნევებენ.
მადრიდის მასტერსზე, პირველ ეტაპზე თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე. ეს იმის დამსახურებაა, რომ აქ კარგი გარემო და ატმოსფეროა. კრიტიკოსებს მინდა ვუთხრა, რომ ჩოგბურთის თამაში ისევ უმაღლეს დონეზე შემიძლია.
თავში რაღაცის დალაგება მჭირდებოდა და მადრიდში ეს შევძელი. ახლა ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურებულია“ – ამბობს ბენუა პერი.





