ტომას ტუხელი და მისი „ჩელსი“ აღარ ხუმრობს. გერმანელი სპეციალისტის ხელში, არისტოკრატები სულ სხვა ფეხბურთს თამაშობენ, რაც შედეგზეც თვალნათლივ აისახება.
ასე მაგალითად, პრემიერლიგის მორიგ ტურში „ჩელსიმ“ საკუთარ არენაზე თანაქალაქელი „ფულჰემი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. ამაში გასაკვირი შეიძლება არაფერი იყოს, რადგან ლონდონური გრანდი წყვილის აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ საქმე სხვა რამეშია.
ტომას ტუხელის თავკაცობით, „ჩელსიმ“ პრემიერლიგის ბოლო 15 ტურში, კარი მშრალად 11 მატჩში შეინახა. ეს კი აბსოლუტური რეკორდია. მსგავსი შედეგი პრემიერლიგაში არცერთ სხვა მწვრთნელს არ ჰქონია.
გერმანელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიოს შედეგი გააუმჯობესა. გამოცდილ პორტუგალიელ სპეციალისტს, რომელიც ახლახანს „ტოტენჰემიდან“ დაითხოვეს და უმუშევარია, პრემიერლიგაში 15-დან 10 მშრალი სერია ჰქონდა.





