შემოდგომაზე, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 3 უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის.
ვილი სანიოლის გუნდი 2 სექტემბერს კოსოვოს დაუპირისპირდება , 9 სექტემბერს საბერძნეთთან ჯახი ელის, ხოლო 11 ნოემბერს შვედეთთან შეეცდება დადებითი შედეგის ჩვენებას. სამივე მატჩში ჯვაროსნები მასპინძლის როლში იქნებიან.
ფიფა 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შემოდგომის საშინაო შეხვედრებს კი საქართველოს ნაკრები არა თბილისში, არამედ ბათუმში გამართავს. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ოფიციალურ მატჩებამდე კი ვილი სანიოლის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს. 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის სტადიონზე ჩვენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდება, 6 ივნისს კი, ქალაქ ენსხედეში ჯვაროსნები ამხანაგურად ნიდერლანდებს გაეჯიბრებიან.





