გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ლონდონის „ჩელსიმ“ ტომას ტუხელის სახით იდეალური მწვრთნელი იპოვნა. გერმანელი სპეციალისტი არისტოკრატებს კარგად მოერგო და თამაშს-თამაშზე იგებს. ახლაც, პრემიერლიგის 33-ე ტურში, „ჩელსიმ“ ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე „ვესტ-ჰემი“ 1:0 დაამარცხა და აქტივში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა. ტუხელის გუნდს 58 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილშიც ოთხეულში მყარად გამაგრდა.
მოგება-მოგებად და ამასობაში ტომას ტუხელმა რეკორდიც დაამყარა. უფრო სწორად, კლაუდიო რანიერის მიღწევა გაიმეორა. 2015 წელს, იტალიელმა სპეციალისტმა „ლესტერთან“ ერთად არა მხოლოდ ინგლისს, მთლიანად საფეხბურთო სამყაროს ლამაზი ზღაპარი დაუდგა, როდესაც პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა. რანიერის რეკორდი კი მაშინ იმაში მდგომარეობდა, რომ მისმა „ლესტერმა“ გასვლითი მატჩები ზედიზედ 10 შემთხვევაში არ წააგო.
ახლა კი იგივე „ჩელსიმ“ და ტუხელმაც შეძლეს. 47 წლის სპეციალისტის თავკაცობით ლონდონელებმა სტუმრად გამართული 10 დაპირისპირებიდან 8 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.
სულ მალე, „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალთან“ ჯახი ელის.








