საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. ცოტა ხნის წინ, ცნობილმა გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt.com-მა 20 წლის ფეხბურთელის ფასი 5 მილიონით გაზარდა და ამ დროისთვის, ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.
ამგვარად, კვარაცხელიას ახლა ნამდვილად სოლიდური ფასი დაედო, თუმცა ყაზანის „რუბინი“ ქართველ ფეხბურთელში ბევრად მეტს ითხოვს – 25-30 მილიონ ევროს. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 1 წლის წინ, ზუსტად ამ პერიოდში კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 2,3 მილიონ ევროს შეადგენდა.
ქართველ ფეხბურთელებში აქამდე რეკორდი საბა კვირკველიას ეკუთვნოდა, რომელიც 10 მილიონი ევრო ღირდა, მის შემდეგ კი ბელგიური „გენტის“ შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე მოდიოდა – 9 მილიონი ევრო.
უფრო ადრე კი ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად კახა კალაძე ითვლებოდა, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 8,5 მილიონ ევროს შეადგენდა.





