2019 წელს, „იუვენტუსი“ მასიმილიანო ალეგრიმ დატოვა. იტალიელი სპეციალისტი ტურინულმა კლუბმა დაითხოვა. ვერ ვიტყვით, მას შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ საქმეები პურზე წასმული კარაქივით კარგად წარირამართაო. კი, „იუვენტუსი“ სერია ა-ს იგებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ აღწევს.
მიმდინარე სეზონში კი ტურინული გრანდი სავარაუდოდ იტალიის ჩემპიონიც ვეღარ გახდება. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური სტადიიდან კი „პორტუმ“ გამოაგდო.
უამრავი ჭორი ვრცელდება და ათასგვარი მითქმა-მოთქმაა, რომ „იუვენტუსი“ სეზონის მიწურულს ანდრეა პირლოს კარისკენ მიუთითებს და მთავარი მწვრთნელის სავარძელიც ვაკანტური გახდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტურინული გრანდის ბოსები კვლავ ალეგრის დაბრუნებას აპირებენო.
ამასობაში კი იტალიურ მედიაში იბეჭდება 2019 წელს, თანამდებობიდან წასვლის წინ თუ რა იყო მასიმილიანო ალეგრის ბოლო სიტყვები „იუვენტუსის“ პრეზიდენტისადმი. მის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებთ, თუმცა იტალიელ კოლეგებს თუ დავუჯერებთ ალეგრი ანიელის კრიშტიანო რონალდუს გაშვებას ურჩევდა.
„გათავისუფლდით რონალდუსგან. ის ხელს უშლის და აბრკოლებს გუნდის წინსვლას და განვითარებას“ – უთქვამს ალეგრის „იუვენტუსის“ პრეზიდენტისთვის.
ალეგრი „იუვენტუსს“ 2014 წლიდან წრთვნიდა და ამ ხნის მანძილზე იტალიის ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო, ასევე გუნდი ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.





