ხვიჩა კვარაცხელიას წარდგენა გულშემატკივრებს უკვე აღარ სჭირდებათ. მისი სახელი და გვარი უკვე ყველა ქართველმა იცის და უფრო მეტიც, მას დღითიდღე მთელი მსოფლიოც იცნობს.
20 წლის ფეხბურთელი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია და მას ყველა იმედის თვალით შესცქერის. გულშემატკივრები მისი თამაშისგან სიამოვნებას იღებენ და რაც მთავარია, მისი ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ევროპის წამყვან კლუბებს.
თითქმის 100%-ით გადაწყვეტილია, რომ გაზაფხულის ბოლოს ხვიჩა ყაზანის „რუბინს“ დატოვებს და ძალებს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში მოსინჯავს. ახალგაზრდა ფეხბურთელით ისეთი გუნდები გამოთქვამენ ინტერესს, როგორებიც არიან „მილანი“, „იუვენტუსი“, „ნაპოლი“ და მიუნხენის „ბაიერნი“. ერთი სიტყვით, ხვიჩას საკმაოდ ფართო არჩევანი აქვს და იმედი ვიქონიოთ, რომ ის თავისთვის საუკეთესო ვარიანტს აირჩევს.
დღეს, 20 წლის ფეხბურთელთან ინტერვიუ ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩამ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, საქართველოს ნაკრებზე, „რუბინზე“, ოჯახის წევრებზე და ოცნებებზე.
„ფეხბურთი ჩემთვის არის ცხოვრება. არ წარმომიდგენია ფეხბურთის გარეშე ჩემი ცხოვრება როგორი იქნებოდა. დღესასწაულივით იყო ის დღე, როდესაც ნაკრების თამაში იყო. ვერც ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს მეც ვითამაშებდი და ქართველი გულშემატკივარი ასე დამიჭერდა მხარს. ახლანდელი ოცნება არის წარმატების მიღწევა როგორც ნაკრებთან, ისე კლუბთან ერთად“, – ამბობს ფეხბურთელი.

როგორც ცნობილია, კვარაცხელია ყაზანში კლუბის ბაზაზე ცხოვრობს, თავის გადაწყვეტილებას კი შემდეგნაირად ხსნის:
„ბაზაზე იმიტომ ვცხოვრობ, რომ აქ ყველაფრის შესაძლებლობა მაქვს. ნებისმიერ დროს შემიძლია სატრენაჟორო დარბაზში, ან მოედანზე ჩასვლა და ვარჯიში. ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ გამოვიყენო. სწორედ ახლა არის იმის ეტაპი, რომ ყველაფერი დანარჩენი გვერდით გადავდო და ვიმუშაო იმ მიზნისთვის და წარმატებისთვის, რომელიც პროფესიონალ ადამიანს სჭირდება“, – აღნიშნა 20 წლის ტალანტმა.
ხვიჩამ რუსეთში გადასვლის პერიოდიც გაიხსენა:
„ძალიან რთული იყო ის პერიოდი, როდესაც სახლიდან წავედი, 17 წლის ვიყავი. „ლოკომოტივში“ როდესაც მივედი, იქ საბა კვირკველია დამხვდა, რამაც კლუბში ადაპტაცია გამიადვილა. მარტო ცხოვრებას შევეჩვიე და ვფიქრობ, აუცილებელიცაა გარკვეული მსხვერპლის გაღება შემდგომი წარმატებისთვის“.

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ხვიჩა კვარაცხელიას ჰყავს 10 წლის ძმა, თორნიკე კვარაცხელია, რომელიც ასევე ფეხბურთით არის გატაცებული და არც მეტი არც ნაკლები, ამბიცია აქვს, რომ თავის ძმაზე დიდ წარმატებას მიაღწიოს:
„მეჯიბრება და ვფიქრობ კარგიცაა, რადგან მოტივაცია აქვს, რომ ძმას აჯობოს. დიდი იმედი მაქვს ასეც იქნება. მას ნამდვილად აქვს მონაცემები, რომ კარგი ფეხბურთი ითამაშოს და ამისთვის ბევრიც უნდა იშრომოს“, – აღნიშნა ხვიჩამ.
როგორც ყველა ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასაც აქვს ოცნებები, რომლის შესახებაც თავად ისაუბრა:
„კონკრეტული გუნდის დასახელების უფლება არ მაქვს, მაგრამ შემოთავაზება ბევრი მაქვს და იმის მიხედვით გადაწყდება, რომელიც ყველაზე მისაღები რომელიც იქნება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათამაშო დროა, განვითარება მინდა და გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ. მთელი ცხოვრებაა რეალს ვგულშემატკივრობ. ვოცნებობ ამ კლუბში თამაშზე და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე“, – განაცხადა კვარაცხელიამ.





