2020 წელმა, არა მხოლოდ სპორტი, ზოგადად ყველა სფერო დააზარალა. მსოფლიოში გამეფებულმა პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და სპორტზეც მეტად უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა ავად თუ კარგად, გაზაფხულზე შეწყვეტილი შეჯიბრებები მოგვიანებით მაინც განახლდა.
ეს მცირე ლირიული შესავალი კი იმად დაგვჭირდა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ქართული რაგბისთვის 2020 წელი მაინც ისტორიული გამოდგა. რაგბის მამებმა, საგულდაგულოდ ჩაკეტილ-დარაზული კარი გააღეს და საქართველოს ნაკრები ისეთ დიდი ტურნირზე მიიწვიეს, როგორიც 8 ერი ანუ შემოდგომის ერთა თასია.

რაგბის ქომაგებს ალბათ შეხსენება არ სჭირდებათ თუ ამ ტურნირზე რა დონის ბობოლები იყრიან თავს. მათთან გაჯიბრება კი ბორჯღალოსნებისთვის უსათუოდ გაზრდის და წინსვლის შესანიშნავი შანსი იყო. ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებისგან მთების გადაბრუნებას და ინგლის-ირლანდიის თუ შოტლანდია-ფიჯის უპირობოდ დამარცხებას არავინ ითხოვდა. შეგუებულნი ვიყავით, რომ დიდი ანგარიშით მარცხებს ვერ გადავურჩებოდით, მაგრამ ტურნირზე მონაწილეობა აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო.

მართალია, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე ყველა მატჩი პირწმინდად წააგო, თუმცა რაღაცაში მაინც იპირველეს. ტურნირის ორგანიზატორებმა. მაგალითად, ირლანდიასთან გიორგი კვესელაძის მიერ დადებული ლელო ტურნირზე საუკეთესოდ აღიარეს, მაგრამ ეს ქართველი მორაგბეების ერთადერთი აღიარება არ ყოფილა. ორგანიზატორებმა კიდევ ორი ბორჯღალოსანი – მერაბ შარიქაძე და ბექა საღინაძე გამოარჩიეს. ისინი, ინგლისელ ბილი ვუნიპოლასთან ერთად საუკეთესო მბოჭავების სამეულში მოხვდნენ. უფრო მეტიც – ბექა საღინაძის ბოჭვა სულაც პირველ ადგილზე მოხვდა.





