რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე ვეტერან მორაგბეებს შეხვდა. შეხვედრის დეტალებს და ვეტერანების დამოკიდებულების ამსახველ მასალას პირველი არხი ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეება ქართული რაგბის მომავალზე და სოსო ტყემალაძის ხედვაზე ისაუბრეს:
„საოცარი დღე იყო. ესენი არიან ადამიანები, რომლებზეც დგას ქართული რაგბი. ჩემთვის მათი მხარდაჭერა, იმედები და ანთებული თვალები ძალიან ბევრს ნიშნავს. მე პასუხისმგებელი ვიქნები ვიქნები ვეტერანი მორაგბეების და გულშემატკივრების წინაშე. მათ უნდა შეაფასონ ჩემი მოღვაწეობა. მოვუწოდებ ყველას, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა და ზედმეტი ხმაურით კიდევ უფრო არ დავაზიანოთ ქართული რაგბის სახელი. ყველა კლუბს ვპირდები, რომ მმართველობა იქნება გამჭვირვალე. გამგეობა იქნება არჩევითი და ხალხი თავად ჩაერთვება მმართველობაში. მჯერა ძალიან სწრაფად დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს“, – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ახალ კანდიდატთან შეხვედრის შესახებ ისაუბრეს ვეტერანმა მორაგბეებმაც.
მერაბ ანთაძე: აქ წარმოდგენილი იყო ყველა ასაკის ვეტერანი მორაგბე და ვფიქრობ, ყველა მათგანი კმაყოფილი დარჩა, რაც უმნიშვნელოვანესია. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, ვფიქრობ, სოსო ტყემალაძის კანდიდატურა საუკეთესოა რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე. მისი მიდგომებით მე დავინახე, რომ მას აქვს შესაძლებლობა მოხსნას ბოლო პერიოდში არსებული დაძაბულობა. საინტერესოა რაგბის განვითარების მისეული ხედვა. ბატონი სოსო საკმაოდ ჩახედული აღმოჩნდა რაგბიში და დიდი იმედით ვუყურებ მომავალს.
თამაზ ანდღულაძე: მადლობა რომ ასეთ შეხვედრაზე ჩვენც მოგვიწვიეს. აქ იყვნენ რაგბის პიონერები და მომდევნო თაობების წარმომადგენლები. ყველა მათგანს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული რაგბის განვითარებაში. ჩვენც გვაინტერესებს რა გზით ფიქრობენ კანდიდატები საქმის გაგრძელებას და რაგბის განვითარებას“.
ლევან ღვაბერიძე: ბატონ სოსოსთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და სულ რაგბიზე იყო შეყვარებული. ბევრმა არ იცის, რომ ის ჩართული იყო არაერთ პროცესში და ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა ქართული რაგბისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ის მოვა სათავეში, სიკეთის გაათმაგების საშუალება მიეცემა. მას მართვის დიდი გამოცდილება აქვს და რაგბშიც საკმარისზე მეტი ესმის. ახლა გვჭირდება გაერთიანება და ყველა, ვისაც რა შეგვიძლია, უნდა დავეხმაროთ ქართულ რაგბს.
ნიაზ მამრიკიშვილი: იოსებ ტყემალაძე დღეს ვნახე პირველად და ყურადღებით ვუსმენდი. მან ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ კარგად აქვს გააზრებული გაერთიანების მნიშვნელობა.
შეგახსენებთ, რომ იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად დღეს დარეგისტრირდა. ის რაგბის კავშირის გამგეობის 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.
პრეზიდენტობის არჩევნები 24 თებერვალს გაიმართება, პრეზიდენტობის მსურველებს კი განაცხადის წარდგენა 23 თებერვლამდე შეეძლებათ.





