საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 30 აგვისტოდან სექტემბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებას მოახლოებული მატჩებისთვის ბათუმში გაივლის.
ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულოდ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძეც გამოიძახა. გენტის ქართველმა შემტევმა ტრავმა საბოლოოდ ახლახანს მოირჩინა და ბელგიური გუნდის შემადგენლობაში სრული დატვირთვით დაახლოებით 3 კვირაა თამაშობს. გიორგიმ ბოლოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2020 წლის 8 სექტემბერს ითამაშა, თუმცა მას ტრავმა ახალმოშუშებული ჰქონდა და ვლადიმერ ვაისმა მისი სრულად დატვირთვა ვერ შეძლო.
2 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის მატჩში ბათუმში კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებენ, 5 სექტემბერს კი ქალაქ ბადახოსში ესპანეთის ნაკრებს შეხვდებიან. ოფიციალური თამაშების შემდეგ, 8 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.





